"დელტა" ეკონომიკის სამინისტროს ალასანიას ინიციატივით გადაეცა

“დელტას” ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინიციატივით მოხდა, – ამის შესახებ ალასანიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების ჟურნალისტებს განუცხადა. ალასანიას თქმით, “დელტას” კომერციული დატვირთვაც აქვს და ამიტომ თავდაცვის უწყება კომერციულ და ბიზნესპროექტს არ უნდა მართავდეს.
“მთავრობის წინა სხდომაზე მე გამოვიტანე ეს საკითხი, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკურად დადგა დღის წესრიგში. ამის შესახებ ორი თვის განმავლობაში ჩემი ინიცირებით მიმდინარეობდა კონსულტაციები პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრთან. სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” დაკავებულია არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებით, არამედ მას აქვს კომერციული და სხვა დატვირთვაც. ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროში ამგვარი ქვედანაყოფი არ უნდა არსებობდეს. ჩემი მთავარი ამოცანაა, ჯარი იყოს მზად, რათა ნებისმიერ გამოწვევას გასცეს პასუხი, ასე რომ, ჩვენ უნდა ვმართოთ ჯარი და არა კომერციული და ბიზნესპროექტი”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, ალასანიას განცხადებით, “დელტასა” და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები