დავით უსუფაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ბრიუსელში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, საქართველოს პროგრესზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების თვალსაზრისით, უელსის სამიტზე მიღებულ „არსებითი ღონისძიებათა პაკეტის“ შესრულების პროცესზე, პარლამენტის როლზე ამ პროცესში, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

გენერალური მდივნის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქართული მხარის მიერ ნატოს სამშვიდობო მისიებში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ვერშბოუს განცხადებით, საქართველო ნატოს გამორჩეული პარტნიორია და მისი მისწრაფებების ლეგიტიმურობას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო აღიარებს. მისივე თქმით, ქართული მხარე ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს თავს წარმატებით ართმევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და მის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვერშბოუს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ ნებას გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა და პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია და საპარალამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც ძალისხმევას არ იშურებს სასურველი შედეგის მისაღწევად. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში შექმნილია ნდობის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალის წევრებით. ნდობის ჯგუფს წვდომა აქვს სახელმწიფო საიდუმლოებებზე და ქვეყნის უსაფრთხოებასთან და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ეს კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რათა პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს პულსზე მუდმივად ედოთ ხელი და საქმის კურსში იყვნენ რა პროცესები მიმდინარეობს სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის ჩრდილო-ატალანტიკურ ალიანსთან დაახლოების თვალსაზრისით. მისივე თქმით, პარლამენტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თაოსნობით ინტენსიურად მუშაობს, რათა მოხდეს ალიანსის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეს პროცესი უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით. დავით უსუფაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებას.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გადაინაცვლა, სადაც მისი სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები