ბიძინა ივანიშვილი: დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდა
„დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდა“,- ამის შესახებ „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საბედნიეროდ, ისეთი სიტუაცია არ არის, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა ჩანდეს.
„მე ადრეც მითქვამს და დღესაც შემიძლია განვაცხადო, რომ პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამე საოცრება მოხდება. ვთქვათ, დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, მოხდება მსგავსი უზურპაცია ხელისუფლების, რაც მოხდა სააკაშვილის დროს. არაფერი ამის მსგავსი არ ჩანს. ჩვენ დღეს სახალხო ხელისუფლება გვყავს. ჩემი აზრით, გვყავს კარგი პრემიერი, კარგი პარლამენტის თავმჯდომარე და არაფერი ამის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის საჭიროება იყოს, არათუ აუცილებლობა. მე ვარ, ვთქვათ, კარგი სათადარიგო მოთამაშე”, – დასძინა ყოფილმა პრემიერმა.