ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში მოუსმენენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გუშინ წარადგინა და, კანონის შესაბამისად, მისი კანდიდატურა დასანიშნად პარლამენტში შევიდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შს სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული უწყება უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს. ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე. არსებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურს ახალ პოსტზე პარლამენტი მიმდინარე კვირას დაამტკიცებს.