პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა ვეტოს “ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” ცვლილებებს

გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხს სკეპტიკურად უყურებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში აღნიშნა, საბანკო სისტემის რეფორმის განხორციელების ტენდენცია ეწინააღმდეგება იმ ტენდენციებს, რომლებიც არსებობს ევროპაში.
„თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივად დაასკვნათ რა იქნება ჩემი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც მარგველაშვილმა განმარტა, შეკითხვები, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით გააჩნდა, კვლავ “აბსოლუტურად უპასუხოდ რჩება”.
“ჩემი პოზიცია ბევრი თვალსაზრისით სკეპტიკურია ამ კანონის მიმართ. პირველ რიგში, სკეპტიციზმი განპირობებულია კანონის წარდგენასა და მიღებასთან დაკავშირებული პროცესით – ასოცირების დღის წესრიგში შავით-თეთრზეა ნათქვამი, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. მეტიც, საკანონმდებლო დახვეწის პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი ევროკავშირისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ექსპერტები. რაც შეეხება თვითონ შინაარსს – კანონის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ვიწყებთ რეფორმირებას ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ, საბანკო სექტორში. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეფექტურადაა შეფასებული საქართველოს ცენტრალური ბანკის ფუნქციონირებაც. ასე რომ, ამ სექტორში ყველაზე ეფექტური ნაწილიდან უცებ რეფორმის დაწყება თავისთავად კითხვის ნიშნებს ბადებს. ამას დავუმატოთ კიდევ ერთი დეტალი: თუ გადავწვიტეთ, რომ მაინც და მაინც ეფექტურად ფუნქციონირებადი საბანკო სექტორის რეფორმას ვახორციელებთ, რა ტენდენციით ვაკეთებთ ამას? – რეფორმის განხორციელების ტენდენცია ეწინააღმდეგება იმ ტენდენციებს, რომლებიც არსებობს ევროპაში. ევროპაში მთელი საბანკო სისტემა მოქცეულია ევროპის ცენტრალური ბანკის ქვეშ. ამ ვითარებაში, როდესაც ეს ყველაფერი გაუგებარია, მეტიც, როცა ჩვენ უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტებიდან ძალიან ღია, ნეგატიურ შეფასებებს ვიღებთ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გაყოფასთან დაკავშირებით, ჩემი კითხვები რჩება აბსოლუტურად უპასუხოდ. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივად დაასკვნათ, რა იქნება ჩემი გადაწყვეტილება. მე არ მინდა გადავცდე ფორმალურ საზღვრებს, რადგან კანონპროექტის ბოლო ვერსია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ არ შემოსულა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები