გიორგი მარგველაშვილი: სახელმწიფოს სტაბილურ ფუნქციონირებას სჭირდება დამოუკიდებელი და პროფესიონალი პროკურატურა სჭირდება
სახელმწიფოს სტაბილურ ფუნქციონირებას სჭირდება დეპოლიტიზებული, დამოუკიდებელი და პროფესიონალი არა მარტო მთავარი პროკურორი, არად მთლიანად პროკურატურა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გადაცემაში ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, პროკურატურის რეფორმა მხოლოდ მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის გადახედვით არ უნდა შემოიფარგლოს.
“ჯერ კიდევ პარლამენტში ჩემი წლიური მოხსენებით გამოსვლის დროს ვსაუბრობდი ძალოვანი უწყებების რეფორმირების აუცილებლობაზე. მიხარია, რომ საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი ეტაპი და არა საბოლოო, მაგრამ რადგან დაიწყო, უკვე მისასალმებელია. ჩვენი სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება არის უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს ყველამ ერთად ავიღეთ ქართველი ხალხის წინაშე და საზოგადოებას ახსოვს ეს ვალდებულებები. ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა გაწერილია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში, პასუხისმგებლობის არსი კი მდგომარეობს შემდგომში – უნდა მოხდეს სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება და მივიღოთ დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და პროფესიონალური სტრუქტურები. ეს ღირებულებები რჩება. მე ამ ღირებულების ერთგული ვარ და იმედია, რომ ყველა ასეა, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ პროკურატურას, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა რეალურად პროკურატურის რეფორმაზე, არამედ მთავარი პროკურორის დანიშვნის წესზე, რომელიც არ არის პროკურატურის რეფორმა. პროკურატურის რეფორმა არის ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტისთვის სწორი კონსტიტუციური ადგილის მიჩენა იმ ძალთა და ხელისუფლების შტოთა ბალანსში, რომელიც დღეს საქართველოშია. სწორედ ამ კონტექსტში უნდა მოხდეს პროკურატურის დანახვა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის განხორციელდეს რეფორმა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ მინდა ერთი რამ შევნიშნო – პროკურატურის რეფორმა ეს არ არის მთავარი პროკურორის დანიშვნის წესით შემოსაზღვრული პროცესი. ჩვენ სახელმწიფოს სტაბილურ ფუნქციონირებას სჭირდება დეპოლიტიზებული, დამოუკიდებელი და პროფესიონალი არა მარტო მთავარი პროკურორი, არამედ პროკურატურა, როგორც ასეთი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.