„რუსეთის პოლიტიკის მიმართ მხოლოდ ცხელი წერტილების თემატიკაზე საუბარი სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯია“

რუსეთის პოლიტიკის მიმართ მხოლოდ ცხელი წერტილების თემატიკაზე საუბარი სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, როდესაც საუბარია რუსეთის პოლიტიკაზე, არ შეიძლება რეაგირება მხოლოდ კონკრეტულ კრისზე. მისი განცხადებით, როცა საუბარია უკრაინაზე, იქვე უნდა იყოს საუბარი მოლდოვაზე, საქართველოზე და ყველა იმ შემთხვევაზე, სადაც საერთაშორისო სამართალი დაირღვა.
“საერთაშორისო ვიზიტების დროს ჩემი საუბარი იწყება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების ხსენებით და იმის ხაზგასმით, რომ ჩვენ მოველით მეგობრებისგან ამ პრობლემატიკის სულ უფრო მაღლა აწევას. ამ თვალსაზრისით გვაქვს პოზიტიური დინამიკა. მეორე, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს პარტნიორებთან, მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის პოლიტიკის მიმართ მხოლოდ ცხელი წერტილების თემატიკაზე საუბარი სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯია. რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა არის ნათლად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული თავისი მეზობლების მიმართ შემდეგი ტექსტით – მისი მეზობლები რუსეთისთვის წარმოადგენენ პრივილეგირებული ინტერესის სფეროს, შესაბამისად, მას აქვს უფლება ამა თუ იმ ფორმით უფრო აქტიური იყოს იქ, სადაც საერთაშორისო სამართლის ჩარჩოები გვაძლევს შესაძლებლობას. ეს პრაქტიკულად ნიშნავს ცხინვალს, სოხუმს, ყირიმს, აღმოსავლეთ უკრაინას, მოლდოვას – იმას, რაც ვნახეთ ამ 20 წლის განმავლობაში. აღნიშნულთან მიმართებაში ჩვენ ასეთ პოზიციაზე ვართ – არ შეიძლება მუდმივად ვრეაგირებდეთ რაღაც კონკრეტულ კრიზისზე. მაგალითად, ახლა მხოლოდ უკრაინაზე ვისაუბროთ და ასე, მეხანძრეებივით შევეცადოთ ჩავაქროთ ხანძრები, როცა გლობალურად რუსეთი საერთოდ უპირისპირდება თავის მეზობლებს და არ აღიარებთ მათ სუვერენულ უფლებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ერთ ფაქტს, რომ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, როცა საუბარია რუსეთის მეზობლების სუვერენულ უფლებებზე. მაგალითად, როცა საუბარია უკრაინაზე, იქვე უნდა იყოს საუბარი მოლდოვაზე, საქართველოზე და ყველა იმ შემთხვევაზე, სადაც დაირღვა საერთაშორისო სამართალი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები