გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი მიზანია არ ავყვეთ ემოციას და სირთულემ არ შეგვაცდინოს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები შეაფასა. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ასეთმა სირთულეებმა არ უნდა შეაცდინოს. მისი განცხადებით, ქვეყანამ სტრატეგიული მიზანი არ უნდა შეიცვალოს.

„ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთმა ვითარებებმა, პროვოკაციამ, ასეთმა გართულებამ არ შეცვალოს საქართველოს კარდინალური განვითარების გზა და ამაში როგორც დონალდ ტუსკი, ასევე დასავლეთში ძალიან ბევრი გავლენიანი პოლიტიკოსი ჩვენი მხარდამჭერია. რაში მდგომაროებს ჩვენი მიზანი? – საქართველოს აქვს ძალიან ნათლად გამოხატული თავისი გეოპოლიტიკური სტრატეგია, თავისი ორიენტაცია და ჩვენ ნათლად ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაზე. ამასთან ერთად ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ უნიკალურ როლს, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია რეგიონში. როლს, რომელიც არა მხოლოდ ქართველებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი აზიური ქვეყნებისთვის. ამაზე ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ გამუდმებით ვმუშაობთ და თუ შევხედავთ იმ დინამიკას, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ (თუნდაც შევხედოთ უცხოეთის ქვეყნების პრეზიდენტების ვიზიტებს საქართველოში), დავინახავთ, რომ საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება. რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი? – ეს არის ის, რომ ასეთმა სირთულემ არ შეგვაცდინოს, არ ავყვეთ ემოციას და ხაზი, რომელიც გვაქვს და რომელიც საქართველოს ხვალ მიიყვანს ძალიან სერიოზულ გეოპოლიტიკური როლის სრულ განხორციელებამდე, არ შეიცვალოს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები