საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ ქვეყანას ვავითარებთ, როგორც თანამედროვე, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩვენ ქვეყანას ვავითარებთ, როგორც თანამედროვე, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკის ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განთავსებული საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტი წარუდგინა.
პრეზიდენტმა დონალდ ტუსკის ჯარისკაცებისკენ მიუთითა და განაცხადა, რომ მის წინაშეა ქართული ჯარი, რომელთა წინაპრებიც ათეულობით საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ და აძლიერებდნენ პატარა ქვეყანას.
ჯარი, რომელსაც ისტორიის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ უდიდესი იმპერიები, უდიდესი არმიები, მაგრამ ჯარი, რომელმაც შეძლო, საუკუნეების განმავლობაში გაიტანა და თანამედროვე კაცობრიობის სრულფასოვან წევრად შექმნა სამშობლო – საქართველო.
მარგველაშვილის თქმით, მათ და მათ წინაპრებს ზურგს უძლიერებს ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული იარაღი – ეს არის ქართული საზოგადოება.
“ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და არცერთ მომენტში არ დაუყრია ფარ-ხმალი. გვჯერა, რომ სიკეთე, რომელსაც სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვქმნით გლობალური უსაფრთხოების სახით, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუბრუნდება ჩვენს სახელმწიფოს.
ასევე იყო სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც ხელახლა შედგა ქართული სახელმწიფო. პირველი, რაც ჩვენ შევქმენით ეს არის თანამედროვე არმია, თანამედროვე შეიარაღებული ძალები, ადამიანები, რომლებიც პირნათლად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს.თავიდანვე ჩვენი შეიარაღებული ძალები შეიქმნა ყველაზე სწორი და ადეკვატური კრიტერიუმებით – ეს იყო გაძლიერება ჩვენი უნარების, გაძლიერება ჩვენი მხედრული ღირსების.
ამავე დროს, ისევე როგორც ნებისმიერ თანამედროვე ქვეყანას, ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანაა არა მარტო საქართველოს და ჩვენი სამშობლოს დაცულობა, არამედ ის გლობალური პასუხისმგებლობა, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ, თანამედროვე და მომავალში მომზირალ ერს ხდის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად.
ასე, ბატონო პრეზიდენტო – ის ხალხი, ვისაც თქვენ ხედავთ და მათი კოლეგები თავიდანვე ბალკანეთში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთში და უკვე ევროკავშირის თანამებროძლებთან ერთად აფრიკაში იცავენ გლობალურ სტაბილურობას და თავის სამშობლოს აძლიერებენ ამ თავდადებული შრომით. არაერთი ჩვენი თანამემამულე და გმირი დაიღუპა ამ მნიშვნელოვან მისიებში.
მე ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე და მადლობას ვეუბნები ჩვენს ჯარისკაცებს იმ პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან გლობალური მშვიდობის დაცვისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ თქვენს წინაშე მდგარი ადამიანებისა და მათი კოლეგების ძალიან სერიოზული მუშაობის, პროფესიონალიზმის, ვაჟკაცობის შედეგად საქართველო მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად და ნატო-ს ჯარებთან ყველაზე თანხვედრ სახელმწიფოდ შარშან ნატოს სამიტზე.
ასევე შარშან, როდესაც ჩვენი ევროკავშირელი კოლეგები და პარტნიორები გეგმავდნენ სამშვიდობო ოპერაციას ცენტრალურ აფრიკაში, ბუნებრივად საქართველოს სახელმწიფო და ქართული შეიარაღებული ძალები დადგნენ ჩვენი კოლეგების გვერდით, მაშინ თებერვალში ჩემი გადაწყვეტილებით, რომელსაც მხარი პარლამენტმა დაუჭირა, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს თქვენ ხედავთ, დადგნენ გლობალური მშვიდობის სადარაჯოზე.
მათ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი თავიანთი პროფესიონალიზმით, ჰუმანური დამოკიდებულებით, რეგიონის სპეციფიკის ცოდნით და ერთგულებით თავისი სამსახურისა და სამშობლოს მიმართ. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვავითარებთ, როგორც თანამედროვე დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს.
ეს განვითარება ხორციელდება ყველა მიმართულებით, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე ეკონომიკის მიმართულებით და იმ დემოკრატიული სტანდარტების მიმართულებითაც, რომელიც არის დღეს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მთავარი ორიენტირი. ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე. ჩვენ გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვქმნით გლობალური უსაფრთხოების სახით, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუბრუნდება ჩვენს სახელმწიფოს”, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.