მამუკა არეშიძე: წინა ხელისუფლებისა და „თბილავიამშენის” დანაშაულებრივ ქმედებებზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს
„ძალიან გამიკვირდება, თუ პორტალ „კვირას“ პუბლიკაციის შემდეგ, ამით არ დაინტერესდება პროკურატურა და გამოძიება არ დაიწყება. მე მოვუწოდებ პროკურატურას, აუცილებლად გამოიძიოს „თბილავიამშენის“ საკითხი. ეს საქართველოს პრესტიჟის, ეკონომიკური სიძლიერის და თავმოყვარეობის საკითხია“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ მასალას, რომელიც 2010 წელს „თბილავიამშენსა” და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხებოდა.
2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით, საქართველომ აზერბაიჯანს საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ რემონტის შესაძლებლობა მიანიჭა. ამით საქართველომ დაკარგა პრივილეგია, კავკასიის რეგიონში ყოფილიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა წარმოების „სუ-25“-ების კაპიტალური რემონტის შესაძლებლობა ექნებოდა.
„ის ჟურნალისტური კვლევა, რომელიც kvira.ge-მ ჩაატარა, ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც საზოგადოებისგან მადლობა გეკუთვნით“,- აღნიშნა არეშიძემ.
მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ მსგავს გარიგებას „თბილავიამშენი“ სახელმწიფოს გვერდის ავლით ვერ დადებდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის შეთანხმებებით წინა ხელისუფლების დროს ვიღაცამ ძალიან დიდი ფული იშოვა.
არეშიძემ აზერბაიჯანთან დადებული შეთანხმება საქართველოს წინა ხელისუფლების და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ ქმედებებად შეაფასა.
„ამ ყველაფრით საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ პრესტიჟსაც მიადგა დარტყმა. ეს არის საქართველოს წინა ხელისუფლების და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებების გამო უკვე არსებობს ქარხანა, რომელიც იგივეს აკეთებს და გამორიცხული არ არის, იმ შეკვეთების ლომის წილი, რომელიც საქართველოზე უნდა წამოსულყო, აზერბაიჯანისკენ წავიდეს. საქართველოს წინა ხელისუფლებამ საერთოდ ბევრი რამ დაუთმო აზერბაიჯანს. მე ვთვლი, რომ საქმე სერიოზულ კორუფციულ გარიგებასთან გვქონდა, ვიღაცამ ასეთი საქმეებით დიდი ფული იშოვა. „თბილავიამშენი“ ამ სეგმენტის მხოლოდ ერთი რგოლია. ასეთია კიდევ ხორბლის ვაჭრობის მონოპოლია, რომელიც ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ფირმას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე. გამორიცხულია, რომ ეს გადაწყვეტილება „თბილავიამშენის“ მიერ დამოუკიდებლად, მისი ინიციატივით მომხდარიყო. დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებით განხორციელდა. სხვანაირად უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ეს ქარხანა სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სეგმენტის გადაბარება მოხდა სხვა ქვეყნისთვის. აქ ათეულობით მილიონ დოლარზეა ლაპარაკი“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ რომ „თბილავიამშენმა”, 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით, აზერბაიჯანს საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ რემონტის შესაძლებლობა მიანიჭა. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელმა მეზობელ ქვეყანას შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა:
აზერბაიჯანისთვისთვითმფრინავების ამწყობი ტექნიკური აღჭურვილობის, სარემონტო ტექნოლოგიის, აპარატურის, სარემონტო ქარხნის მოწყობის გადაცემას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, „თბილავიამშენმა“ მეზობელი ქვეყნის საავიაციო ბაზაზე მიავლინა საკუთარი კვალიფიციური სპეციალისტები, აზერბაიჯანელი კადრები გადაამზადა და სერტიფიცირება გაატარა. შედეგად, დღეს აზერბაიჯანში, კერძოდ, ქალაქ სუმგაითში არსებობს ძლიერი საავიაციო საწარმო, სადაც მეზობელი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებულ შეკვეთებს. მათ შორის, „სუ-25“-ების კაპიტალურ რემონტს.