ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირი, ევროპული საბჭო, ბატონი ტუსკი ჩვენს გვერდით დგას

ჩვენს ევროპულ არჩევანს აქვს მხარდაჭერა და მე მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ტუსკის პირადი ძალისხმევა საქართველოს როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ევროკავშირი, ევროპული საბჭო, ბატონი ტუსკი ჩვენს გვერდით დგას და ეს არის ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ გვაქვს ჩვენ ურყევი მხარდაჭერა. ჩვენს ევროპულ არჩევანს აქვს მხარდაჭერა და მე მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ტუსკის პირადი ძალისხმევა საქართველოს როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებაში. სწორედ ეს მხარდაჭერა იყო მაისში გამართული რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის უმთავრესი შედეგი, მტკიცე დასტური იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების ამბიციური მიზნები.
მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. პირისპირ შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც არის აქტუალური საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ევროკავშირისთვის და, ზოგადად, მსოფლიოში არსებული გამოწვევები, რომელიც ეხება საქართველოს და რეგიონს. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ და ასე დავიცავთ მომავალშიც საერთო ორმხრივ ღირებულებებს, რომელიც არის ძალიან ძვირფასი ჩვენი მოსახლეობისთვის და რომელიც უდევს საფუძვლად ევროკავშირთან გაღრმავებულ თანამშრომლობას და განაპირობებს ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები