დავით უსუფაშვილი: ჩვენ ნატოსთან ინტეგრაციის ტემპის დაჩქარება გვაინტერესებს
ჩვენ გვაინტერესებს ნატოში ინტეგრაციის ტემპის დაჩქარება და ძალიან კონკრეტული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება როგორც პოლიტიკური, ისე სხვა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით უსუფაშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიემგზავრება, სადაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, იგი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვა, სადაც, მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრების პოლიტიკურ ხედვას მაქსიმალურად წარმოაჩენს.
„მივემგზავრები ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში. მექნება შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან და რაც მთავარია, გამოსვლა მექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან და ჩვენ საშუალება გვექნება, დაახლოებით 2 საათი ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც გვაინტერესებს ნატოსთან. ჩვენ კი გვაინტერესებს ინტეგრაციის ტემპის დაჩქარება და ძალიან კონკრეტული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება როგორც პოლიტიკური, ისე სხვა თვალსაზრისით. ასე, რომ ეს ვიზიტი გარკვეულწილად გაგრძელებაა. მე ორი თვის წინ მქონდა შესაძლებლობა, მიმემართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ბუდაპეშტში, სადაც საშუალება მქონდა, წარმომეჩინა არა მხოლოდ ჩემი პირადი, არამედ პარლამენტის წარმომადგენელი ძალების პოლიტიკური ხედვა და მე ზუსტად ამას გავაკეთებ იქ იმიტომ, რომ ნატოში აინტერესებთ ქვეყნის დამოკიდებულებები და განწყობები და არა რომელიმე პარტიის და თანამდებობის პირის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.