დავით უსუფაშვილი: მსოფლიო არ ცნობს დამოუკიდებელ ოსეთსა და აფხაზეთს
ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გონიერები ამ ვითარებაში, რათა რუსეთის არანაირ პროვოკაციას არ წამოვეგოთ და შევინარჩუნოთ მსოფლიოს მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, დონალდ ტუსკის ხვალინდელი ვიზიტი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმა იქნება იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მსოფლიოს მიერაა აღიარებული.
“მისი ჩამოსვლა გარკვეულწილად სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში ცხინვალის რეგიონში განვითარდა, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის ხვალ ამ ადგილს თავად ესტუმრება და იქნება კიდევ ერთი ხაზგსმა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული და ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, არის დროებითი მოვლენა. მსოფლიო არ ცნობს დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს, მსოფლიო არ ცნობს რუსეთის ექსკლუზიურ უფლებებს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გონიერები ამ ვითარებაში, რათა რუსეთის არანაირ პროვოკაციას არ წამოვეგოთ და შევინარჩუნოთ მსოფლიო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასეთ შემთხვევაში ოკუპაცია და ყველა სხვა პრობლემა დროებითია. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მსოფლიო ვერ ავიყოლიეთ და რაიმე სხვა მოვლენებს ექნება ადგილი, მაშინ შეიძლება გრძელვადიან პრობლემებთან გვქონდეს საქმე. ბატონი ტუსკის ვიზიტი არის ამაზე ხაზგასმა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება ტუსკის საქართველოში ვიზიტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ ვიზიტს აფასებს, როგორც ხაზგასმას იმისა, რომ საქართველო უკვე ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფოა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ჯერაც არ არის.
“დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი იყო ერთი კვირის წინ, მაგრამ მან ჩამოსვლა ვერ შეძლო იმ დიდი კრიზისის გამო, რომელიც ევროპას საბერძნეთთან დაკავშირებული მოვლენების გამო ემუქრებოდა. იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გრძელდება და ძალიან ბევრია სამუშაო, ბატონმა ტუსკმა საქართველოში ორი დღით ჩამოსვლა შეძლო. ეს არის იმის სერიოზული ხაზგასმა, რომ მართალია საქართველო ევროზონის და ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ საქართველო უკვე არის ევროკავშირთან ასოცირებული და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი საჭიროდ თვლის ამ დაძაბულ დღეებში საქართველოში ორი დღე დაჰყოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.