რუმინეთი შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს განვითარებული მოვლენების გამო

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის სიახლოვეს უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც უკავშირდება ახალი დაბრკოლებების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნების აღმართვას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სახის ქმედებებს შეუძლია დაძაბულობის გამწვავება, ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენის მოხდენა, მათთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა, ადგილზე პოტენციური პროვოკაციების გამოწვევა. საერთო ჯამში, ამ სახის ქმედებები ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის პოლიტიკის გაძლიერებას. რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისა და იმ კონფლიქტების მოგვარებისათვის საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამონახვის პროცესში, რომელთა წინაშეც დგას საქართველო, აუცილებელია თავიდან იქნეს აცილებული დესტაბილიზაციის პოტენციალის მქონე ამგვარი ქმედებები. რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერას, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე, მისი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები