დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართული დროშა მიითვისა და ნივთმტკიცებად იყენებს
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ ხურვალეთის სიახლოვეს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან აღმართული ქართული დროშის დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებს და ნივთმტკიცებად იტოვებს.
“საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დროშაც და სხვა აღმოჩენილი პროკლამაციებიც საქმეში მტკიცებულების სახით იქნება წარდგენილი,“ – განაცხადა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის სპეციალური შეხვედრის დაწყებამდე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ხოხ გაგლოევმა. ცნობისთვის: სოფელ ხურვალეთის სიახლოვეს საქართველოს სახელმწიფო დროშა მას შემდეგ აღმართეს, რაც საპროტესტო აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა 14 ივლისს „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი მოხსნეს და ნაგავში გადააგდეს. რამდნიმე დღის წინ კი ქართული დროშა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა რობერტ გაზაევმა წაიღო. “ორშაბათს შეხვედრა გაიმართება და ამ საკითხს იქ განვხილავთ. მეტი კომენტარი არ იქნება“, — განუცხადა რობერტ გაზაევმა ქართველ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც ესწრება.
მოლაპარაკების მთავარი თემა ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება და ადგილზე დაწესებული შეზღუდვებია. ქართული მხარე 2 მთავარ საკითხს დააყენებს – ეს არის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგება და სოფელ კნოლევში ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცის ბედი.