საქართველო და იტალია თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის მინისტრებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს იტალიელმა კოლეგამ რობერტა პინოტიმ ბარაკინის სასახლეში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა იტალიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება წვრთნისა და განათლების სფეროებზე გამახვილდა.
ორმხრივი შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში (ISAF) და 2014 წლის შემდეგ “გადამწყვეტი მხარდაჭერის” (Resolute Support) მისიაში საქართველოს ჩართვა. მხარეებმა 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობაზეც იმსჯელეს.
ირაკლი ალასანიამ იტალიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც ნატოს შემფასებელთა ჯგუფის მხრიდან დადებითად შეფასდა.
თავდაცვის მინისტრმა იტალიელ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე იტალიელი დამკვირვებლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს.
“მინდა იტალიის თავდაცვის მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა მინისტრთა კაბინეტს ახალი შემადგენლობით დამტკიცება მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ასევე, შევეხეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ურთიერთთავსებადობას კოალიციურ ძალებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის ორმხრივი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით და მინდა მივულოცო საქართველოს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ჩვენ ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. ამ შეხვედრამ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გააღრმავა. ჩემი ქვეყნის პრემიერ- მინისტრს აუცილებლად მივაწვდი დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა რობერტა პინოტიმ. იტალიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია იტალიის თავდაცვის უმაღლეს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო დაწესებულების მსმენელებისა და მაღალი რანგის ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დეპუტატთა პალატაში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ელიო ვიტოსთანაც გამართა შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები