ხურვალეთის საგუშაგოსთან ხმაურია – შს სამინისტრომ სპეცრაზმის რაოდენობა გაზარდა
სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. შს სამინისტრომ პოლიციელებისა და სპეცრაზმის რაოდენობა გაზარდა.
სამართალდამცველები ჟურნალისტებს ხურვალეთისა და წითელუბნის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევენ, აღნიშნულის მიზეზი კი მოსახლეობის უსაფრთხოება და პროვოკაციების თავიდან აცილებაა.
კომპლიქტის ზონაში დღის განმავლობაში ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის გასაპროტესტებლად რამდენიმე ჯგუფი აპირებს ჩასვლას.
ხურვალეთის მოსახლეობა, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული აქციისას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს და ანდრო ბარნოვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებს.
როგორც ისინი აცხადებენ, ასეთი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
„პირველ რიგში, პრეტენზია იმ ადამიანებთან გვაქვს, რომლებიც ჩამოვიდნენ და ვითომ დიდი საქმე გააკეთეს, რომ დაამტვრიეს და დალეწეს იქაურობა და კიდევ, რომ იძახიან, ხვალაც ჩამოვალთ და ზეგაც ჩამოვალთო. ჩვენ თავად დავდგებით, ჩვენ თავად ვუყარაულებთ პოსტებსა და ჩვენ თავად დავაწესებთ მორიგეობას. ასე უფრო ამძფრებენ ურთიერთობებს“, – აცხადებენ ადგილობრივები.