შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ჯოსკუნ უ. ქარელის რაიონის სოფელ რუისთან დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯოსკუნ უ. კუთვნილი ავტომანქანით თურქეთიდან ვალეს სასაზღვრო – გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეფუთული 3 აბი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,8998 გრ ე.წ. ექსტაზია და ქაღალდში შეფუთული ფხვნილი, რომელიც 2,6436 გრ მეტამფეტამინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).