პაატა ზაქარეიშვილი: ე.წ. საზღვრის გადმოწევა ამ დღეებში ნამდვილად დაფიქსირდა

მე ყოველთვის ვაპელირებდი, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევას კი არა, არამედ ე.წ. საზღვრის გავლებას ჰქონდა ადგილი ოკუპირებული ძალების მიერ, მაგრამ დღეს და წინა დღეებში რაც მოხდა, ეს ე.წ. საზღვრის გადმოწევა იყო, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლო მოსალოდნელი ყველა საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი და ქართული მხარის სამშვიდობო პოლიტიკით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ნათლად ჩანს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს რუსეთთან მიმართებით, მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკის არჩევის საშუალება აქვს, ვინაიდან შეიარაღებულმა დაპირისპირებამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

“დღეს დაფიქსირდა ე.წ. საზღვრის გადმოწევა. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე და მე ყოველთვის ვაპელირებდი, რომ გადმოწევა კი არა, საზღვრის გავლებაა, მაგრამ დღეს მართლა გადმოწევას აქვს ადგილი. ბანერი, აშკარად, ერთ ადგილზე იყო და მოხდა მისი გადმოწევა გარკვეული მანძილით უფრო წინ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ეს მოქმედება ჯდება იმ კანონის ფარგლებში, რაც წინა ხელისუფლების მიერ იყო მიღებული. ჯერ არ არსებობს ამ კანონის დარღვევის გარკვეული მაგალითები, რომ ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, სამწუხაროდ ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რასაც, სამწუხაროდ, ერთადერთი რაც შეიძლება დავუპირისპიროთ არის, ან საერთაშორისო ძალა, რასაც ჩვენ ვუპირისპირებთ და ვაჩვენებთ მსოფლიოს კიდევ ერთხელ, რამდენად აგრესიულია ეს რუსეთის ძალა და ვცდილობთ ჩვენ ამის განეიტრალებას ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით, ან შეიარაღებული დაპირისპირება, რისი შედეგიც ყველამ ვნახეთ. ამიტომ ამ ფონზე რაც კეთდება, ამის არდანახვა, არ შეიძლება. იმ ფონზე, როცა ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაა სხვაგან, იგივე უკრაინაში, ვხედავთ სამშვიდობო ძალები დგანან კვიპროსში და ასე აგვარებენ პრობლემებს, ვხედავთ, რომ სამშვიდობო ძალები დგანან კოსოვოში, ვხედავთ, რომ სამშვიდობო ძალები არ დგანან ყარაბაღში და ყოველდღე ადამიანები იღუპებიან. ჩვენთან არ დგას სამშვიდობო ძალები, ჩვენსა და რუსეთს შორის, აგრესიულ რუსეთსა და ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას შორის, არანაირი სამშვიდობო ძალები არ დგას. ჩვენ მინიმუმზე დავიყვანეთ ყველა საფრთხე, გარდა, სამწუხაროდ, მავთულხლართები და ბანერები და მართლაც ათეულობით ჩვენი მოქალაქის მიწის პრობლემები”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები