თეა წულუკიანი პუტინთან სტუმრობას განსაკუთრებულ სიმამაცედ არ მიიჩნევს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი, განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებელი არ არის.

“პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად. საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს სტაბილურობის მორღვევას ამ ქვეყანაში. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს ომს ამ ქვეყანაში და საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც აქვს გონივრული, პრაგმატული და ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. ეს არის სწორედ ის, რაც მიმაჩნია მამაცობის საუკეთესო მაგალითად იმიტომ, რომ გონივრული პოლიტიკის განხორციელება საქართველოსთვის არ არის ადვილი და ის, რაც არ არის ადვილი, არის სწორედ სიმამაცე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის: „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. მან რუსულ ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს” ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ რაც ახლა ხდება საქართველოში, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს – არის ფუნდამენტურად არასწორი. „ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ნატოში არავინ გველოდება, და არავინ მიგვიღებს. ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის რეალისტური და არ შედის საქართველოს ინტერესებში“.
მისივე თქმით, ქართულ მხარეს არ ყოფნის ვაჟკაცობა რუსეთთან მოლაპარაკებაზე ღიად წავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები