დეპუტატებს სხდომის ავადმყოფობის მიზეზით გაცდენისას, ე.წ. ბიულეტენის წარდგენა მოუწევთ

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე -10 პუნქტიდან, რომელიც პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალს ადგენს, “ოჯახური მდგომარეობის” გამო გაცდენის ამოღება ხდება.
პარლამენტის დღეს მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. ცვლილების თანახმად, ავადმყოფობის მიზეზით გაცდენის შემთხვევაში დეპუტატი ე.წ ბიულეტენს წარადგენს.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა სხდომაზე განმარტა, რეგლამენტს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის სხდომების ავადმყოფობის მიზეზით გაცდენა, საავადმყოფო ფურცლით უნდა დადასტურდეს. საავადმყოფო ფურცელი პარლამენტის მანდატურის სამსახურს მისი დახურვიდან ერთი კვირის ვადაში უნდა წარედგინოს.
გარდა ამისა, პარლამენტის წევრის სამსახურეობრივ მივლინებაში ყოფნის ფაქტი უფლებამოსილი პირის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც მანდატურის სამსახურს გამოცემისთანავე უნდა გადაეცეს.
რაც შეეხება “ოჯახურ მდგომარეობას”, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, სხდომების ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა, დეპუტატს საპატიო მიზეზად აღარ ჩაეთვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები