ირაკლი ღარიბაშვილი „გაბალა”-“დინამოს” თამაშზე მომხდარ ინციდენტზე: “ნაცების” მსგავსი პროვოკატორები ყველა ქვეყანას ჰყავს
პანიკის გარეშე. ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “გაბალა”-“დინამოს” თამაშზე მომხდარ ინციდენტს.
პრემიერი აზერბაიჯანში საქართველოს დროშის დაწვას გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ როგორც საქართველოს ჰყავს პროვოკატორთა ჯგუფი “ნაცების” სახით, ასევე ჰყავს აზერბაიჯანსაც. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომხდარი, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობაზე, არ იმოქმედებს.
“პანიკის გარეშე. ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. როგორც გახსოვთ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი, ანუ საქართველოს სახელითაც მოქმედებდნენ. ახლა იგივე მოხდა აზერბაიჯანის სახელით. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს “ნაცების” მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ – ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, უნდა ვიფიქროთ მხოლოდ პროგრესსა და განვითარებაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” გუშინდელ მატჩზე აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ. გავრცელდა შესაბამისი ფოტოებიც.
მანამდე კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ჰქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: „Burchali is ancient Azerbaijan land“ (“ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა”); „Sarvan no Marneuli“, „Bostandere No Rustavi“ და „Choruk Gemerli! No Bolnisi!“. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.
გულშემატკივრები აღნიშნულ ფაქტს 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი”-“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, რომლის დროსაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით : “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921”.