კახა კალაძე: რამდენიმე ადამიანის უგუნური გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აზერბაიჯანში „გაბალასა“ და „დინამოს“ მატჩზე გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა და მომხდარი პროვოკაციად შეაფასა.
როგორც ჟურნალისტებს თემის კომენტარებისას მინისტრმა განუცხადა, რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის.
” ვფიქრობ, ეს იყო პროვოკაცია, შესაბამისი სამსახურები ადეკვატურად გამოიძიებენ და ყველა ადამიანი იქნება დასჯილი, ვინც მონაწილეობდა ასეთ პროვოკაციებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენიმე ადამიანის უგუნური გადაწყვეტილება და ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს. რა თქმა უნდა, ფაქტი არის ძალიან ცუდი, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა და საუკუნეების განმავლობაში გვაკავშირებს ეს ურთიერთობა.”, – განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილს პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჰქონდათ გამოტანილი წარწერით: Burchali is ancient Azerbaijan land (“ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა”); „Sarvan no Marneuli“, „Bostandere No Rustavi“ და „Choruk Gemerli! No Bolnisi!“. გარდა ამისა, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა. ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე ფეხებით დგანან. მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი”-“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921”.