პარლამენტის რეგლამენტი მკაცრდება

ბოლო დროს გახშირებული ჩავარდნილი საპარლამენტო სხდომებია ის მიზეზი, რის გამოც პარლამენტის რეგლამენტი მკაცრდება. რეგლამენტის გამკაცრების შემდეგ დეპუტატებს აღარ შეეძლებათ სხდომების გაცდენა ოჯახური მდგომარეობის მიზეზით და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ჩასწორება, რომელიც უნდა შევიდეს რეგლამენტში.
მმართველი გუნდის წევრების, კერძოდ, თამარ კორძაიას თქმით, იმ ფონზე, როცა დეპუტატების მხრიდან სხდომების გაცდენამ რეგულარული ხასიათი მიიღო, საჭირო გახდა დამატებითი რეგულაციების მიღება.
“დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ რეგლამენტი გამკაცრდეს და ოჯახური მიზეზების გამო გაცდენა საპატიო მიზეზად არ ჩაითვალოს. ყველას გვესმის, რომ საპატიო გაცდენები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს უფრო ობიექტური დასაბუთება. მე არ ვისურვებდი, პარლამენტში მსგავსი ტიპის მკაცრი რეგულაციების შემოღების წინაშე დავმდგარიყავით, მაგრამ ეს არის რეალობა”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, დამატებითი გამკაცრებული რეგულაციები შეაფერხებს დეპუტატების საქმიანობას, მით უფრო მოახლოებული საარჩევნო კამპანიების ფონზე.
“ფაქტობრივად, უკვე შესულები ვართ წინასაარჩევნო პერიოდში, შესაბამისად, ეს გამკაცრება იმ სახით, რომელიც წარმოდგენილია, გარკვეულწილად ხელს შეუშლის ჩვენს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო აქტიურობას. ამიტომ ამ სახით ამ გამკაცრების წინააღმდეგები ვართ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, ამ გამკაცრების წინაპირობა არის ის, რომ უმრავლესობა მუდმივად ვერ აგროვებს თავის წევრებს”, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები