თინა ხიდაშელი: გაგვაკრიტიკონ, მაგრამ დავინახოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ქვეყანაში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საჯარო სამსახურის რეფორმის თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივას გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, საჯარო სამსახურის რეფორმა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც ეს ხელისუფლება დარჩება ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიაში.
“საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელსაც ახორციელებს ქართული სახელმწიფო, ალბათ იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც ეს ხელისუფლება დარჩება ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიაში. 22 წელია საქართველოში საჯარო სამსახური ვერ შეიქმნა, ბიუროკრატია ვერ გაკეთდა. ყოველთვის ყველა ხელისუფლების ამოცანა იყო პოლიტიკური და არა ბიუროკრატიაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური. ცალ-ცალკე სამინისტროებში იყო მიღწევები, მაგრამ ამან ვერ მოიცვა მთელი ქვეყანა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი გარღვევა”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე განცხადებით, საჯარო მოხელეებს გადამზადება სჭირდებათ.
“რა თქმა უნდა, სჭირდებათ საჯარო მოხელეებს გადამზადება, რადგან სისტემა იმდენად ახალია, სიახლე იმდენად დიდი დოზითაა წარმოდგენილი, რომ ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. ცვლილება ფუნდამენტურია და პირდაპირი მნიშვნელობით რევოლუციური, რაც ვერ გაბედა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საქართველოში. დღეს ეს კეთდება. მე ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაგვაკრიტიკონ, აზრი გამოთქვან, გვქონდეს დებატები, მაგრამ დავინახოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ქვეყანაში”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.