55 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს
55 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების დანერგვის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებას ხელს 55 ორგანიზაცია აწერს.
ისინი პარლამენტს სთხოვენ, რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს აღნიშნულ საკითხს და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციებთან შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ მიიღოს.
“2014 წელს ხელისუფლებამ დაიწყო “საქართველოს თვითმმართველობათა კოდექსში” ცვლილებების და დამატებების მომზადება, მათ შორის XI თავისთვის, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების დანერგვას. კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები 60-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ყველა რეგიონის მოქალაქეებთან, 150-მდე სოფლის მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრების ანალიზის შედეგად ხელისუფლებას მიაწოდეს კოდექსის ცვლილების საკუთარი ხედვა, რაც გათვალისწინებული იყო კანონპროექტის სახელისუფლო შტოებში განსახილველად წარდგენის დროს. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა მოსახლეობის თვითორგანიზებისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას – დასახლების საერთო კრებას და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან საერთო კრების ურთიერთობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვას, და რაც მთავარია, საერთო კრების სახელით ცალკეული უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი ორგანოს – დასახლების საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას.
სამწუხაროდ, კანონპროექტის განხილვებისას სრულიად იგნორირებული იყო თავად მოსახლეობის, ასევე იმ 60-მდე ორგანიზაციის მოსაზრებები, რომლებმაც აღნიშნული საკითხის შესწავლას და კანონპროექტის მომზადებას წელიწადზე მეტი მოანდომეს. შედეგად, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი საბჭოს, როგორც დასახლების ქმედითი, ეფექტური კოლეგიალური წარმონაქმნის ცნება პროექტიდან ამოღებულია.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი საბჭოს, როგორც დასახლების საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს არ არსებობა ხელს შეუშლის მოქალაქეთა თვითმმართველობის განხორციელებაში რეალურ მონაწილეობას შემდეგ მიზეზთა გამო:
კანონპროექტით, კონკრეტული დასახლების საერთო კრების მოწვევის ვალდებულება მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს აქვს არაუმეტეს წელიწადში ორჯერ. შესაბამისად, გამგებლის/მერის მიერ კონკრეტული დასახლების 2-ზე მეტი კრების მოწვევა მთლიანად მის პოლიტიკურ ნებაზე ხდება დამოკიდებული. კრების მოწვევის უფლება აქვს აგრეთვე საერთო კრების რჩეულს, რომლის ადგილზე შესაძლებელია ყოველი კრების შემდეგ სხვა პირი გახდეს. რჩეული არ წარმოადგენს საერთო კრების მუდმივმოქმედ ორგანოს და მის მიერ ერთპიროვნულად ჩამოყალიბებული მომავალი კრების განსახილველი საკითხები შეუძლებელია შეთანხმებული იყოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. რაც შეეხება კრების მოწვევას წევრთა 10%-ის ინიციატივით, კრებათა ჯგუფური მოწვევის ალბათობა მოსახლეობის არსებული განწყობების გათვალისწინებით ძალიან მცირეა. შედეგად, დასახლების საერთო კრების, როგორც მოქალაქეთა პერმანენტული, მოქნილი და ეფექტიანი მონაწილეობის იდეა, კრების მუდმივმოქმედი ორგანოს, საზოგადოებრივი საბჭოს გარეშე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
გარდა ამისა, პროექტის ახალი რედაქცია საფუძველშივე გამორიცხავს ევროპულ ქვეყნებში გამოცდილი მონაწილეობის ისეთი ფორმის დამკვიდრებას, როგორიცაა დასახლებულ პუნქტებში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ნაწილობრივ დელეგირებას, რაც მოქალაქეთა მონაწილეობას კარდინალურად უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს ამ საკითხს და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციებთან შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ მიიღოს”, – ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
1. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2. ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” 3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 4. სიდა – სამოქალაქო განვითარების სააგენტო 5. ლანჩხუთის სასოფლო დარბაზი 6. ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი 7. ასოციაცია კივიტას გეორგიკა 8. ჩოხატაურის სასოფლო დარბაზი 9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 10. ზესტაფონის სასოფლო დარბაზი 11. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 12. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი 13. სათემო განვითარების ცენტრი 14. სათემო ორგანიზაცია ,,ნუკრიანი” 15. რეგიონის განვითარების ცენტრი 16. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 17. სათემო ორგანიზაცია “ლელი” 18. მრავალენოვანი საქართველო 19. ხაშურის სასოფლო დარბაზი 20. ოზურგეთის ახლაგაზრდა მეცნიერთა კლუბი 21. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი 22. „ლიბერალური აკადემია – საქართველო“ 23. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი 24. საზოგადოებრივი დამცველი 25. ასოციაცია ,,დეა” 26. „საუნჯე“ 27. ადამიანის უფლებათა ცენტრი 28. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი 29. ფონდი „ტასო“ 30. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი 31. ასოციაცია “ტოლერანტი” 32. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი 33. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი – მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი 34. კავშირი “დემოსი” 35. ნაბიჯი წინ (Step forward) 36. „ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის“ 37. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 38. მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ 39. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი 40. სიქა 41. „ათინათი“ 42. საზოგადოება “ბილიკი” 43. რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი 44. კავშირი „სამოქალაქო განვითარებისათვის“ 45. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი 46. „ინდიგო“ 47. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი 48. დემოკრატ მესხთა კავშირი 49. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია 50. ნაბიჯი ხარაგაული 51. ასოციაცია “სპექტრი” 52. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი 53. გორის საინფორმაციო ცენტრი 54. დემოკრატიის ინსტიტუტი 55. სტუდია “რე”