თედო ჯაფარიძე: ჩემი ქვეყნის მიზანია გაძლიერდეს ეუთო ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა

მთავარი ისაა, რომ დავამტკიცოთ ჩვენი ერთგულება უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა.

თედო ჯაფარიძე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან დღევანდელ საერთაშორისო გამოწვევებსა და 1975 წელს გაფორმებული ჰელსინკის შეთანხმებაზე (ჰელსინკის დეკლარაცია) ისაუბრა.

„ორმოცი წლის წინ ზაფხულში ჰელსინკში, 35 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური შეიკრიბა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ კონფერენციის საბოლოო აქტზე ხელმოსაწერად. ამ მოვლენის შემდგომ საკმაოდ რთული მოლაპარაკებები დაიწყო ჟენევაში, რომელიც 2 წელზე მეტხანს გაგრძელდა.

ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები, რომელიც 1955 წლის ე. წ. „საბჭოთა სამშვიდობო გეგმას“ ეფუძნებოდა, გეგმას, რომელსაც დასავლეთი 20 წლის განმავლობაში რეგულარულად უარყოფდა. მაგრამ 20 წლის შემდგომ მას შემდეგ, რაც გაფორმდა დასავლეთ ბერლინის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმება და დაიწყო საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის ერა, ამ პროექტს ახალი სულისკვეთება მიეცა.

ჰელსინკის საბოლოო აქტის გენიალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის საკმარისად ყოვლისმომცველი იყო იმისთვის, რომ მასში ფაქტიურად ყველა მონაწილის მიზანი ასახულიყო, და ამასთან, საკმარისად ქმედითი იყო იმ მხრივ, რომ ევროპისთვის ახალი უსაფრთხოების სტრუქტურის გეგმა შეეთავაზებინა. ჰელსინკის აქტის ძირითადი პრინციპები დღესაც რჩება ძალაში, როგორც თამაშის შეთანხმებული წესები ევროპაში ერებს შორის ურთიერთობისთვის, თუმცა მას ჯერ კიდევ არ გაუმყარებია საფუძველი სტაბილური მშვიდობისა და საყოველთაო თავისუფლებისათვის.

ჩემი ქვეყანა, მაგალითად, არც კი არსებობდა როგორც სუვერენული სახელმწიფო, როდესაც ჰელსინკის საბოლოო აქტს მოეწერა ხელი. ჩვენ ქმედით დემოკრატიას, მის საწყის ეტაპს მხოლოდ 2012 წელს მივაღწიეთ და ეს მოხდა ავტორიტარული რეჟიმის დასრულების შედეგად, 20 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. ამგვარად, საბოლოო აქტმა მისი მიღებიდან 37 წლის შემდგომ ხორცი შეასხა ჩვენს ოცნებას უკეთეს მომავალზე. დღეს, კიდევ ერთხელ, და ისე როგორც არასდროს, ეს ორმოცი წლის იუბილე ჩვენ გვიმტკიცებს საერთო პრინციპების რეალიზმს, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ის საერთოა ყველასთვის და ეფუძნება სისტემას, რომელიც თანასწორთა შორის საყოველთაო თანამშრომლობის პრინციპებზეა აგებული.

ჰელსინკის საბოლოო აქტში, უპირველეს ყოვლისა, მკაფიოდ და პირდაპირ არის ნათქვამი, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ სახელმწიფოები. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ეს მკაფიოობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ე.წ. „ჩრდილოვანი კონცეფციების” არსებობის შესაძლებლობას იძლევა. სულ უფრო მეტად, ჩვენ მომსწრენი ვხდებით კონფლიქტების, რომელიც საბრძოლო მოქმედებებით ღვივდება ომის გამოცხადების გარეშე. ასე მოხდა საქართველოში 2008 წელს და ასე ხდება დღეს უკრაინაში. ჩვენ მომსწრენი ვხვდებით არასამხედრო პირების აქტიურობისა, მაგალითად უკრაინაში, რომლებიც „გულის ძახილს“ პასუხობენ; ჩვენ გვყავს არასახელმწიფო მოთამაშეები, რომლებიც საინფორმაციო ომს აწარმოებენ, ჩვენ გვაქვს უპასუხისმგებლო სამხედრო დანაყოფები, რომლებიც ჟენევის კონვენციებს მასხრად იგდებენ და ფეხქვეშ თელავენ.

ომისთვის მიზნისა და საშუალების „არაღიარების“ ეს მზარდი დონე ძირს უთხრის დიპლომატიისა და კონფლიქტების მენეჯმენტის პარადიგმას, რომლის შუაგულშიც დამკვირვებელთა და მონიტორინგის მისიები იმყოფებიან. თუკი ნორმებს არ ვცემთ პატივს, ეს ნორმები ვერ იქნება გამოყენებული ჩვენს მიმართ; თუ ჩვენ დიპლომატიის თითოეულ ცნებას უარვყოფთ, ადრე თუ გვიან იძულებულნი გავხდებით იმ ძალებს გავუმკლავდეთ, რომლებიც ჩვენვე გამოვიწვიეთ.

ჩემი ქვეყნის მიზანია გაძლიერდეს ეუთო ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა. ნაცვლად „გამოჩენილ პიროვნებათა“ დისკუსიებისა, რომლებიც ოცნებობენ ახალ უსაფრთხოების სისტემებზე, ჩვენ გვსურს კონცენტრაცია მოვახდინოთ იმ პრინციპების აქტიურ შესრულებაზე, რომლებიც უკვე შემუშავებული გვაქვს. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მონიტორინგი, რომელიც კონფლიქტებს არ შეეხება, თუმცა, ეს მეტად რთული და ძვირადღირებული ამოცანაა. ჩვენ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე, გვჭირდება „კონფლიქტის ციკლის“ უკეთ გაგება, რაც შექმნილია არასახელმწიფო მოთამაშეთა მიერ, რომლებიც არანაირ წესებს და პრინციპებს არ იცავენ. ამ ფენომენთან დაკავშირებით საქართველოში დიდი გამოცდილება გვაქვს.

საკითხი ისე კი არ დგას, რომ დაისაჯოს ეუთოს წევრი რომელიმე ქვეყანა, არამედ მთავარი ისაა, რომ დავამტკიცოთ ჩვენი ერთგულება უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ, რომელიც თანასწორთა შორისაა გაზიარებული. 1975 წელს შეთანხმებული იქნა, რომ სწორედ ჩვენი გახლეჩილობის გამო ევროპაში გვჭირდება ერთიანი უსაფრთხოების სტრუქტურა. მოდით დღეს ამაზე ნაკლებად არაფერი მოვთხოვოთ ეუთოს წევრ თითოეული სახელმწიფოს, ეუთოს წევრი თითოეული სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. ოთხი დღის განმავლობაში 57 ქვეყნის 300-მდე კანონმდებელი მსოფლიოში მიმდინარე აქტიურ და მნიშვნელოვან თემებზე შეხვედრებს და დისკუსიებს მართავენ.

პლენარულ სხდომაზე გენდერულ საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ჰიდი ფრაის მოხსენება და კანადის დელეგაციის მიერ მომზადებული დამატებითი პუნქტიც განიხილეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოს და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების უხეშ დარღვევებს შეეხებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომაზე დებატები გაიმართა, რომელზეც ქართულმა დელეგაციამ დამატებითი პუნქტის მიღებაზე სრული მხადაჭერა დააფიქსირა.

დღესვე, საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომები გაიმართა. კანონმდებლებმა დამატებითი ოქმები, საორგანიზაციო და საკადრო საკითხები განიხილეს. კენჭისყრების შედეგად, სამივე კომიტეტის ხელმძღვანელობას უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძილვდა.

ეუთოს რიგით 24-ე საპარლამენტო ასამბლეა მუშაობას ხვალ დაასრულებს. მომდევნო ყოველწლიურ შეკრებას კი, 2016 წელს საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები