სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს პოზიციაზე არგუმენტების წარდგენის ვადად 9 ოქტომბერი განუსაზღვრა
„სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს პოზიციაზე არგუმენტების წარდგენისათვის ვადად 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა“,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავცელებს.
„2015 წლის 8 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად დაუდასტურა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) საქმეზე მიმდინარე წლის 2 ივლისს ქართული მხარის მიერ წარდგენილი კომპენსაციის მოთხოვნის ამსახველი დოკუმენტის მიღება.
როგორც სასამართლოს წერილიდან ირკვევა, საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი კომენტარებისათვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 8 ივლისს გადაუგზავნა სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
საქართველოს პოზიციაზე შეპასუხების ვადად ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა“,-წერია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 2 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წელს რუსეთიდან მასობრივად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.