დავით უსუფაშვილი: მეორე დღეა ემოციების ტყვეობაში ვარ
„მეორე დღეა ძალიან დადებითი ემოციების ტყვეობაში ვარ“, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სტაჟიორებთან შეხვედრა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სხვადასხვა პროფესიის სტაჟიორებმა პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტში 6 თვიანი სტაჟირება გაიარეს.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, 30-მდე ახალგაზრდამ 6 თვის განმავლობაში, სხვადასხვა დეპარტამენტსა და კომიტეტში იშრომა აპარატის თანამშრომლების, პარლამენტის წევრების მხარდამხარ.
„მე დღეს მოვისმინე, ვნახე მათი ნამუშევარი, შედეგი – ეს არიან ძალიან მონდომებული, განათლებული, მოწადინებული ახალგაზრდები, რომლებიც, სხვათა შორის, მზად არიან, საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, საჯარო სექტორს შეუერთდნენ, სახელმწიფო სამსახურში იღვაწონ. ეს არის ძალიან საშური საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი, კვალიფიციური ახალგაზრდა სამსახურში. მე მათ წარმატებები ვუსურვე დღეს და ვუსურვე ისიც, რომ მალე დაბრუნდნენ პარლამენტში სხვადასხვა სტატუსით და შესაძლოა, პარლამენტის წევრადაც, იმიტომ, რომ მათ აქ ჰქონდათ საშუალება, უშუალოდ პოლიტიკურ ცხოვრებასაც გასცნობოდნენ, გარდა პარლამენტის, როგორც დაწესებულების ფუნქციონირებისა. ჩვენი ახალგაზრდები საკმაოდ მყარი ნაბიჯებით მოიწევენ წინ და მალე შეგვავიწროვებენ, ყველას, ვინც არ ავუწყობთ ფეხს ახალ ცხოვრებას. ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.