დავით უსუფაშვილი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონით ყველა დაისვენებს
„პარლამენტში „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონს ველით, რომელიც იმედია, რაღაც ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს საჯარო სამოხელეო სისტემაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სტაჟიორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პარლამენტში „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონს ველით, რომელიც იმედია, რაღაც ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს საჯარო სამოხელეო სისტემაში და ყველა დაისვენებს – ვისაც ნათესავი ჰყავს, ისინი, ვისაც არ ჰყავს, ვისაც ნათესავი ჰყავს და ეძებს, იქნებ ვინმემ სადმე ხმა შეაწიოს, ვისაც ნათესავი ჰყავს და ამ ნიადაგზე კარგავ, რადგან ხანდახან ვერაფერსაც ვერ უკეთებ. თუმცა, არის ხალხი, ვინც ყველაფერს უკეთებს. ეს ამაზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს.
ჩვენ საკუთარ სახელმწიფოს ვანგრევთ იმით, როდესაც პროფესიონალსა და არაპროფესიონალს შორის არჩევანი გვაქვს და არაპროფესიონალს ვირჩევთ. ეს ხომ ილუზიაა, რომ ამ მომენტში, ვითომ ნათესავს, ნაცნობს, მეგობარს ხელი გაუმართე და სინამდვილეში, იმ ნათესავის, ნაცნობის, მეგობრის საქმე ხომ გაფუჭდა იმით, რომ ქვეყანა სწორად გამართული ვერ იქნება და უარესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და არა უკეთესი?! ეს შორეული ამბებია, რადგან სახელმწიფოებრივი აზროვნება მოქალაქისა და საზოგადოების დონეზე მაღალი სტანდარტებია, რომელიც თქვენი საკეთებელი საქმეა, რადგან 25 წელი წინ და უკან ვიარეთ და ამ თვალსაზრისით შორს ვერ წავედით. ამ თვალსაზრისით პოლიტიკურ წრეებსაც და სახელმწიფო სამსახურსაც ძალიან სერიოზული შევსება უნდა“, – მიმართა სტაჟიორებს უსუფაშვილმა.