ალექსანდრე ვალოვის თვალით დანახული მოუწესრიგებელი, „ცუდი აფხაზეთი“ (ფოტოკოლაჟი)
გამოცემა blogsochi.ru ალექსანდრე ვალოვის სტატიას აქვეყნებს, რომელიც მან აფხაზეთში დასასვენებლად ჩასვლის შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიას „ცუდი აფხაზეთი“ ჰქვია და აფხაზეთის შთაბეჭდილებებია აღწერილი. სტატიას ფოტოებიც მოჰყვება.
„2009 წელს „დამოუკიდებელი აფხაზეთის ბიუჯეტი 3,8 მილიარდ რუბლს შეადგენდა. აქედან 2,3 მილიარდი რუსეთიდან გამოგზავნილი თანხებია. ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2014 წელს მან 5 მილიარდი რუბლი შეადგინა, თუმცა ამას ეკონომიკაზე არანაირი დადებითი გავლენა არ მოუხდენია – ის ფიზიკურად არ არსებობდა და არც ახლა არსებობს“, – წერს ვალოვი.
„ასეთი დოტაციების შედეგად აფხაზეთი ტურისტულ მექად უნდა გადაქცეულიყო. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ 22 წელი გავიდა, მთელი თაობა გამოიცვალა – მოსახლეობა კი ყველაფერში ისევ ომს ადანაშაულებს, და არა საკუთარი ხელისუფლების კორუმპირებულობას. რესპუბლიკაში ფაქტობრივად არაფერია აღდგენილი – რკინიგზის სადგურები დანგრეულია და ტუალეტებად არის გადაქცეული, რკინიგზაზე კი ერთეული მატარებლები მოძრაობს და ის ელექტრიფიცირებული არ არის. ამიტომ მცირერიცხოვანი ტურისტები აქ სუნიან თბომავალს ჩამოჰყავს, აფხაზეთის დედაქალაქშიც კი არ არის ნორმალური გზები და ტროტუარები. მხოლოდ ორმოები და ღრმულებია. აფხაზეთში გასულ კვირას ვიყავი და ასეთი შეკითხვა დამებადა – რისთვის ჩადიან ტურისტები ამ ღმერთისგან დავიწყებულ აფხაზეთში?“ – წერს ალექსანდრე ვალოვი.