თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლო ქართული მხარის პოზიციას რუსეთს ამ კვირაში გადაუგზავნის

„სტრასბურგის სასამართლო ქართული მხარის პოზიციას რუსეთის იუსტიციაში ამ კვირაში გადააგზავნის“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეზე კომპენსაციების მოთხოვნასთან დაკავშირებით რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის თანახმად მხარეები ერთმანეთთან პროცედურის ამ ეტაპზე არ ურთიერთობენ. ეს ურთიერთობა ხდება მხოლოდ სასამართლოს გავლით. სასამართლო ადგენს ვადას, რა ვადაშიც სასამართლომ უნდა მიიღოს დოკუმენტაცია. ამ ვადაში საქართველომ, სახელმწიფომ, როგორც მხარემ, დადგენილ ვადაში სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნა თავისი მოთხოვნა. მოთხოვნა შეეხება კომპენსაციის სახით რუსეთის მხრიდან 70 მილიონ 320 ათასი ევროს მოთხოვნას. სტრასბურგის სასამართლო, როგორც დღეს შეგვატყობინეს, ამ კვირაში და არა უფრო ადრე გადააგზავნის ჩვენს წარდგენილ პოზიციას რუსეთის იუსტიციის სამინისტროში და მას მოსთხოვს კონტრ არგუმენტებს ან არგუმენტებს, კომენტარებს ჩვენ მიერ წარდგენილ პოზიციაზე. პროცედურა მიმდინარეობს სტრასბურგის რეგლამენტის დაცვით და, ბუნებრივია, რომ სტრასბურგისგან რუსეთის მხარეს ჯერ არაფერი მიუღია“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს შარშან მიმართა, რომ ეკისრებინა ერთგვარი შუამავლის ფუქნცია რუსეთთან ურთიერთობაში, სტრასბურგმა კი მისცა ინსტრუქცია ქართულ მხარეს, რომ მეტი ემუშავა ფინანსურ მხარეზე. ამ დოკუმენტაციის მომადების შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოსგან უკვე სხვა ინსტრუქციებს მიიღებდა. შეგახსენებთ, დღეს, რუსეთის იუსტიიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვს თბილისისგან არ მიუღია მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ 2006 წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები