პარლამენტის დეპუტატები სომხეთის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგურიც ესწრებოდა, ორი ქვეყნის პარლამენტების საბიუჯეტო ოფისების რეფორმის საკითხები, საბიუჯეტო კომიტეტების მიერ განხორციელებული რეფორმები და მთავრობის ფინანსური კონტროლის საკითხები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ, შეხვედრაზე სომხეთთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით, მსგავსი ტიპის შეხვედრების და ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ასეთი ტიპის ვიზიტები და თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მით უფრო, როდესაც დღეს, ჩვენ განსხვავებული ორიენტირები გვაქვს. ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის განხორციელება. სომხეთი ევრაზიულ კავშირშია გაწევრიანებული.

ეს განსხვავებები არსებობს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოტენციალი უნდა იყოს გამოყენებული. ეკონომიკური ურთიერთობები უნდა განვითარდეს და განსხვავებულმა საგარეო ორიენტირებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ორმხრივი საპარლამენტო გამოცდილების გაზიარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებით.

„ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის, საჯარო რესურსების და ფინანსების სწორი მართვა. ამ მხრივ, კომიტეტებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება არის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ვიმედოვნებ, რომ ასეთი საქმიანი ურთიერთობა გაგრძელდება. სამუშაო ფორმატშიც შესაძლებელია ქვეყნებს შორის ურთიერთობა განვითარდეს და პარლამენტებს ამაში განსაკუთრებული როლი აქვთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

„შეხვედრის ინტერესის საგანია საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და აუდიტის სამსახურის საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ, მათ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. მით უფრო, რომ გარკვეულწილად, ამ მიმართულებით გვაქვს მიღწევები და ეს სისტემა საკმაოდ დაიხვეწა. ვგულისხმობ, აუდიტის სამსახურის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და თავად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფუნქციონირებას“, – აღნიშნა შეხვედრაზე საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა.

სამუშაო შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ, თუ რა მეთოდით ხორციელდება მთავრობის ფინანსური კონტროლი, როგორ ხდება პარლამენტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობაში საკონტროლო სამსახურების ანგარიშებისა და ფისკალური ანალიზის გამოყენება და როგორ მუშაობენ ამ მიმართულებით პარლამენტის შიდა სტრუქტურები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თვმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის შეფასებით, შეხვედრა საქმიანი და საინტერესო იყო და ორივე მხრიდან მოხდა საინტერესო გამოცდილების გაზიარება.

„საინტერესო შეხვედრა იყო. გავცვალეთ ინფორმაციები. საფინანსო ზედამხედველობის მიმართულებით, ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ამ ორი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, მათთვისაც სასარგებლო იქნება ჩვენი გამოცდილების გაზიარება ამ კუთხით“, – აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.

საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თათია ხეთაგურის განცხადებით, „აღნიშნული შეხვედრა ძირითადად, საბიუჯეტო პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას ეხებოდა. ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო ოფისის მიმდინარე საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, რომლითაც ვცდილობთ საბიუჯეტო ოფისის დაახლოებას საერთაშორისო პრაქტიკასთან“.

საქართველოს პარლამენტში ორი ქვეყნის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრების შეხვედრა, ორგანიზებული იყო გერმანიის საერთშორისო საზოგადოების, GIZ-ის პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ საქართველოში“ მიერ. ამ ფორმატის შეხვედრა პირველად გაიმართა და დღესვე დაიგეგმა, სომხეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრების ვიზიტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები