ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში პარლამენტში მოისმინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხეში, სოფო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, ნატალია ჯალიაშვილი დღეს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) შესრულების შუალედური ანგარიშით წარსდგნენ.
მათ წარადგინეს ინფორმაცია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესრულების და საანაგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შესახებ.
თანამომხსენებლებმა მოკლედ მიმოიხილეს სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები და კომიტეტს მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის შესახებ; ასევე, ისაუბრეს სამოქმედო გეგმის განახლებასა და ამ პროცესში მონაწილე სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე. სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გაიოზ თალაკვაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძე; ასევე, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები. სხდომაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სამთავრობო გეგმის შუალედური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე დამსწრე პირებს დასმულ კითხვებზე დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ადამიანის უფელაბთა სამდივნოს მიერ გაწეულ საკოორდინაციო საქმიანობასა და ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით.