ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ირაკლი ალასანია იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს. საუბარი ISAF-ის მისიაში ქართული სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობას და ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციის სამომავლო გეგმებსაც შეეხება. მინისტრები თავდაცვის სფეროში საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იტალიის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა კლუბს ეწვევა. დაგეგმილია ვიზიტი იტალიის თავდაცვის უმაღლეს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში, სადაც სასწავლო დაწესებულების მსმენელებთან და მაღალი რანგის ოფიცრებთან გაიმართება შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი იტალიის საჰაერო ძალების ფრენების ცენტრსაც ესტუმრება და მისი მუშაობის შესახებ პრეზენტაციას მოისმენს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ოფიციალურად ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები