ემზარ კვიციანი: სააკაშვილის ყვარლის სახლიდან ვიბრძოლებ სამართლიანობის აღსადგენად
მოძრაობა „სახალხო სამართლის ერთ-ერთი დამფუძნებლის ემზარ კვიციანის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლში საკუთარი ოფისის გახსნას გეგმავს.
როგორც ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მას სასამართლოში სარჩელი შეაქვს და კომპენსაციის სახით 50 მილიონს ითხოვს. მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენას სააკაშვილის ყვარლის სახლიდან გეგმავს.
„სასამართლოში შემაქვს სარჩელი, სადაც კომპენსაციის სახით სააკაშვილის ყვარლის სახლის გადმოცემას და 50 მილიონსაც ვითხოვ. მინდა, ამ სახლში ჩვენი მოძრაობის კახეთის რეგიონის ცენტრი განთავსდეს. კოდორში ჩემს სახლში ხომ ჰქონდათ პოლიცია გახსნილი, ჰოდა, მეც ვაპირებ, სწორედ სააკაშვილის ყვარლის სახლიდან ვიბრძოლო სამართლიანობის აღსადგენად. 50 მილიონს მხოლოდ ჩემთვის კი არა, გაჭირვებული ხალხისთვის ვითხოვ, რომელიც საკუთარი ფუძიდან აჰყარეს. კეთილი ინებონ და კოდორის ხეობიდან წამოსულ თითო ოჯახზე თითო მილიონი გადმოგვცენ, აკი დასავლეთმა კოდორის ხეობის ჩაბარების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებას 4 მილიარდ ნახევარი გადაურიცხა.
ადამიანს, რომელმაც, როგორც ამბობენ, 19 მილიარდი მოიპარა, კაპიკები რომ გააგდებინო, თავისუფლად არის შესაძლებელი. აფხაზეთის მესამედი რუსეთს ჩააბარეს, იცით, ეს რა ღირს? მილიარდი დოლარი მარტო ორ წელიწადში ჩამოწერეს! ჩვენ – კოდორელები, ფიზიკურად და მორალურად გაგვანადგურეს. ასე რომ, ის, რასაც ვითხოვთ, მიზერულია, ხელისუფლების ნება იყოს და მათი მხარე არ დაიკავოს“, – აცხადებს ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.