თინა ხიდაშელი: ნატოს გაფართოების ციკლი არ უნდა შეწყდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ და საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, ესპანურ საინფორმაციო სააგენტოს “EFE” ესაუბრა . „ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ მონაწილეობას მივიღებთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF). რა ფორმით იქნება საქართველო წარმოდგენილი, მოლაპარაკებების დროს გაირკვევა. ჩვენი მხრიდან პოლიტიკური ნება უკვე გამოვხატეთ“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ ერთი წლის შემდეგ, ვარშავაში ნატოს სამიტზე საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღოს, რომელიც შემდეგი საფეხურია ნატოს სრულუფლებიანი წევრობისკენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ნატომ კარი გაუღო მონტენეგროს. ეს არის ნათელი გზავნილი სკეპტიკოსებისთვის, რომლებიც ეჭვობენ, რომ ნატო განაგრძობს ღია კარის პოლიტიკას. ნატოს გაფართოების ციკლი არ უნდა შეწყდეს. ეს ჩვენ ოპტიმიზმს გვმატებს. 2008 წლის რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ¾ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. თუ ვარშავაში ნატოს სამიტზე საქართველო ვერ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ეს მოსახლეობის იმედგაცრუებას გამოიწვევს. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ძველი ევროპის“ ქვეყნები საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილნი. საქართველოსადმი ნდობის ყველაზე ნათელი დადასტურება იყო ივნისში საფრანგეთის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მიეყიდა ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, რომელიც საქართველოში მალე შემოვა და უპრეცედენტოდ დაიცავს საქართველოს ცას“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ჯერ არ მოუსმენია რომელიმე ოფიციალური პირის განცხადება, რომ საქართველო არ იმსახურებს ნატოს წევრობას. გამოცემასთან საუბრისას ხიდაშელმა აგვისტოს შუა რიცხვებში ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავის კოლეგასთან, ეშტონ კარტერთან მოლაპარაკებებს გამართავს. მინისტრი ასევე გამოეხმაურა საქართველოს ნატოში მისწრაფებასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან უარყოფით რეაქციას, რაზეც მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობით უკმაყოფილოა, მაგრამ ამით ქვეყნის არჩევანი არ იცვლება.
„არ უნდა დავუშვათ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსეთი თავის ერთადერთ მეკავშირესთან – დასავლეთთან კონფრონტაციაში შევიდეს, რადგანაც თავად რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე. აშკარაა, რომ რუსეთში მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი ახალი საფრთხეების მასშტაბს აცნობიერებენ. მსურს მჯეროდეს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის პარტნიორობის ხიდი სწორედ ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის სფეროში გაჩნდება. მე დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოტენციალს ამ მიმართულებით” – განაცხადა ხიდაშელმა. რაც შეეხება უკრაინას, იქ არსებულ მდგომარეობას ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, რამდენადაც 2008 წელს იგივე გადავიტანეთ. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინაში კვლავ შესაძლოა, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდეს. თუმცა, მსურს მჯეროდეს რაციონალიზმის. დღეს მსოფლიო “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან ძალიან სერიოზული ტერორიზმის საფრთხის წინაშე დგას, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაშიც. არავის, პირველ რიგში კი რუსეთს, არ აქვს იმის კომფორტი, რომ ეს საფრთხე არ გააცნობიეროს“,-დასძინა ხიდაშელმა.