დავით უსუფაშვილი ჩინეთის სინძიანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორს, ჰუანგ ვეის შეხვდა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მეგობარი ჩინეთიდან მრავალი დელეგაცია ეწვია, მათ შორის, ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩენგ ჩანგჭი, რომელიც ქვეყანას ივნისის თვეში სტუმრობდა.
პროვინცია სინძიანის ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, მისი სტუმრობა საქართველოში მიზნად ისახავს “თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვას, საქართველოში არსებული ჩინური კომპანიების მონახულებას და მათი საქმიანობის ხელშეწყობას.
მისივე თქმით, მათ ქვეყანას სურს, ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში მოცულობითი და წარმატებული ინვესტიციები განახორციელონ, როგორც ეს “ჰუალინგ ჯგუფის” შემთხვევაში მოხდა. ჰუანგ ვეიმ პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი შესაბამისი კანონმდებლობით უზრუნველყოფს უცხოური კომპანიებისა და მათი საქმიანობის დაცვას საქართველოში.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრეს.
უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის საგარეო მიმართულება ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზეა ორიენტირებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღმოსავლელ პარტნიორებთან კავშირს წყვეტს, პირიქით, ქვეყანა მზადაა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან მიღებული სარგებელი მეგობარ ქვეყნებსაც გაუზიაროს.
აღნიშნა, რომ ქართველი ერი სულ უფრო მეტად გრძნობს ჩინეთის თანადგომას და ეს კარგად გამოჩნდა 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს, როდესაც ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოებამ და საქართველოში არსებულმა ჩინურმა კომპანიებმა სტიქიით დაზარალებულებს ფინანსური დახმარება გაუწიეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა გასულ ღამეს, სინძიანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ჰუანგ ვეიმ დავით უსუფაშვილი ვიზიტით სინძიანში მიიწვია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვინცია სინძიანის ვიცე-გუბერნატორთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ესწრებოდა.