ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტმაც და მთავრობამაც დღე-ღამეში 25 საათი უნდა იმუშაოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისთვის, პარლამენტმაც და მთავრობამაც დღე-ღამეში 25 საათს უნდა იმუშაოს.
ხმალაძემ აღნიშნული დღეს პარლამენტში “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” საქართველოს ეროვნული პლატფორმის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
რაც შეეხება შეხვედრას, ხმალაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანია იმის გაგება, თუ რა მდგომარეობაა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გასაკეთებელ საქმეებზე, ასევე რა არის გაკეთებული და როგორია პერსპექტივა.
“შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ნაწილი იმ პირობებისა, რომელთა შესრულების შემთხვევაში უკვე დღის წესრიგში დადგება რეალურად უვიზო მიმოსვლის საკითხი, არის შესრულებული და შეფასებული ასეთად. არის კიდევ რამდენიმე თემა, რისი გაკეთებაც კიდევ გვჭირდება. საჭიროა კანონპროექტების მიღება, აღსრულების უზრუნველყოფა და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს დაახლოებით 15 დეკემბრამდე. წარდგენილი იქნეს ანგარიში და შემდეგ მიღებულ იქნას შეფასება. ამ მიმართულებით უშუალოდ ამ დღეებშიც პარლამენტში მიმდინარეობდა კანონპროექტების განხილვა, მათ შორის შრომის ინსპექტირების შესახებ. ასევე შემოსული ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და კიდევ არაერთი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია, ან მალე იქნება ინიცირებული”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ და დასძინა, რომ აქვს იმედი, ყველაფრის გაკეთება წლის ბოლომდე მოესწროს, შემდეგ უკვე გადაწყვეტილება ევროკომისიაზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები