“რუსეთმა შესაძლოა, გაბატონება გააგრძელოს, თუ საქართველოს დასავლური კლუბების კარებს დაუხურავენ”
რუსეთმა შესაძლოა, გაბატონება გააგრძელოს, თუ საქართველოს დასავლური კლუბების კარებს დაუხურავენ, – ამის შესახებ Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მიუხედავად წარსული უთანხმოებისა რუსეთთან, ქართველები თავიანთ ორბიტაზე ბრუნდებიან.
ავტორი საქართველოში რუსული განწყობების ზრდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერების თქმით, რუსეთმა შესაძლოა, გაბატონება გააგრძელოს, თუ საქართველოს დასავლური კლუბების კარებს დაუხურავენ. “რუსეთმა საქართველოში გაზარდა წარმომადგენლობა სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს ქართულენოვანი ბიუროს გახსნით, ენერგოსექტორსა და სხვა წამყვან სექტორებში ინვესტიციების გაღრმავებით. მსგავსი ქმედებები შეინიშნება სხვა ყოფილი “სოციალისტური ბანაკის” ქვეყნებში, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული”, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის წარმომადგენლობის ზრდის მიუხედავად, საქართველო ურყევად რჩება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული.
ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი პოლიტიკოსების მხარდაჭერა იზრდება. “რუსები მუშაობენ იმაზე, რომ მსოფლიოს ამ ნაწილზე დომინირება შეინარჩუნოს. ისინი ითვლიან, გეგმავენ და იციან, რომ ეს რეგიონი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის”, – ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე Washington Post-თან საუბრისას.
სტატიის ავტორის თქმით, აშშ ცდილობს, ნუგეშისმიმცემი ზომები შესთავაზოს საქართველოს, ასეთია მაგალითად ამერიკელი სამხედროების წვრთნები მაისში. სტატიაში ასევე მოყვანილია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვების შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მხარდამჭერთა რიცხვი 68 პროცენტამდე შემცირდა, მაშინ როდესაც გაიზარდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის მხარდამჭერთა რიცხვი 31 პროცენტამდე. სტატიის ავტორი საქართველოს პოლიტიკის უახლეს ისტორიასაც მიმოიხილავს, ახსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს, რასაც რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. სტატიაში საუბარია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლაზეც, რომელმაც მოსახლეობას პირობა მისცა, რომ რუსეთთან კავშირებს გაუმჯობესებდა და ამავე დროს დასავლეთთან კავშირებს შეუნარჩუნებდა. “მიუხედავად იმისა, რომ კრემლთან დიპლომატიური კავშირები კვლავ დაძაბულია, რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში ძლიერდება”, – წერია სტატიაში.