საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ფასიან საკონსულო მომსახურებას ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე მიიღებენ
საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ფასიან საკონსულო მომსახურებას ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე მიიღებენ ,-ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთში სიტუაცია უახლოეს მომავალში დალაგდება.
მისივე ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბერძნეთში შექმნილი ვითარების გამო მიიღო. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოქალაქეების ხელშეწყობის მიზნით, დაუშვას საკონსულო მომსახურებაზე გაწევა ფულადი ანგარიშსწორებით. იმ პერიოდით, რა პერიოდითაც საბერძნეთში ბანკები იქნება დახურული. იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნება უახლოეს მომავალში და ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა საქართველოს ელჩმა საბერძნეთში. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ერთი კვირით ყველა ბანკი და ბირჟა დაიხურა, ხოლო ბანკომატებიდან დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 60 ევროს გამოტანა შეიძლება. აღნიშნული შეზღუდვა ტურისტებზე არ მოქმედებს. საბერძნეთის ხელისუფლება იძულებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიეღო მას შემდეგ, რაც ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტორებთან კომპრომისი არ შედგა.