არჩილ თალაკვაძე: „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში საქართველოდან 40 ადამიანია ჩართული

ყველა სამართალდამცავი და კონტრტერორისტული ორგანიზაცია მობილიზებული, რათა ტერორიზმის საფრთხეების განეიტრალება მოხდეს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკავაძემ გადაცემაში „20/30“-ში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოდან, დაახლოებით, 40 ადამიანია წასული და ჩართული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ საქმიანობებში.
„ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით, 40 ადამიანია საქართველოდან წასული და ჩართულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საქმიანობაში. მათ შორის, ალბათ, იცით, რომ ისლამური სახელმწიფოს რამდენიმე ლიდერი არის საქართველოდან წასული. იგივე თარხან ბათირაშვილი, ასლი შანი, მუსლი მარკოშვილი და სხვები. რა თქმა უნდა, მათი ღირებულება იმ ორგანიზაციაში უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანი. საერთაშორისო საზოგადოება, ყველა სამართალდამცავი და კონტრტერორისტული ორგანიზაცია მობილიზებულია, რათა ამ საფრთხეების განეიტრალება მოხდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ იცავს საქართველოს მთავრობა ახალგაზრდებს, შს მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ქვეყნიდან 40 ადამიანის გასვლა, საქართველოს მთავრობის არაეფექტურობაზე არ მეტყველებს, ვინაიდან, მისივე თქმით, ტერორიზმის პრობლემასთან საბრძოლველად მსოფლიო გამოუცდელია.
„ის, რომ 40 ახალგაზრდაა წასული საქართველოდან, ეს რიცხვი ვერ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო და შსს ამ დროს არ არის ეფექტური და რატომ? რომ ავიღოთ ჩამოთვლილი მაგალითები, ყოველ მილიონ მოსახლეზე, დაახლოებით, 40 ადამიანია წასული ბელგიიდან ისლამური სახლემწიფოში საბრძოლველად, როდესაც მოსახლეობა 11 მილიონია. ავიღოთ საფრანგეთი, ყოველი მილიონი მოსახლედან, 18 საფრანგეთის მოქალაქეა წასული. თუ ვიმსჯელებთ რიცხვებით და ამ სტატისტიკით, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ანგარიშშია გამოქვეყნებული, არ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს პრობლემა არის ძალიან მზარდი და სახელმწიფო არ არის ეფექტური, პირიქით მე ვიტყოდი, რომ ძალიან ქმედითია. მთელი მსოფლიო არის ძალიან გამოუცდელი ამ პრობლემასთან საბრძოლველად და სწორედ ამ მომენტში შესაძლოა, რომელიმე ქვეყნაში ფიქრობენ, კიდევ რა შეიძლება ტერორიზმს დაუპირისპირონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები