არჩილ თალაკვაძე: შსს ტერორიზმთან საბრძოლველად მეტი რესურსის მობილიზაციას ახდენს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ „კავკასიის ვილაიეთის“ შექმნით საფრთხე მთელ რეგიონში მოიმატებს. თუმცა მისივე განცხადებით, კავკასიის რეგიონში საერთო სურათი ტერორიზმის მხრივ, მაინც არ იცვლება.
როგორც თალაკვაძემ გადაცემაში “20/30” აღნიშნა, ტერორიზმი მსოფლიო სახელმწიფოების მთავარ გამოწვევად ისევ რჩება.
“ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის განცხადება გარკვეულწილად, მეტ შეშფოთებას იწვევს საზოგადოებაში, არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად, რეგიონში. ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო მეტი რესურსების მობილიზაციას ახდენს ამ მიმართულებით. სავარაუდოდ, ამ განცხადებით საფრთხე მთელ რეგიონში მოიმატებს. თუმა, მეორე მხრივ, ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა და რომელიმე ერთ რეგიონში, მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში მსგავსი განცხადებები ვერ შეცვლის ძირითად სურათს. ეს საფრთხეები ისედაც არსებობს მსოფლიოში საკმაოდ მაღალი ხარისხით და უნდა ითქვას, რომ ამჯერად უკვე ყურადღების ცენტრში არის ისლამური სახელმწიფო, რომელიც ჯიჰადისტებისა და სალაფის მიმდევრების მიერაა შექმნილი, ეს არის შეიარაღებული თუ პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც სირიაში, ლიბიაში, ნიგერიასა და ერაყში აკონტროლებს დაახლოებით 10 მილიონი მოსახლით დასახლეულ ტერიტორიას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.