აღმაშენებლის ძეგლის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ალიბეგაშვილი მონუმენტის ავტორს უკვე ესაუბრა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ძეგლის გადმოტანასთან დაკავშირებით ძეგლის ავტორთან მერაბ ბერძენიშვილთან საუბარი უკვე შედგა.
„ძალიან უცნაური რამ მოხდა, უცბად მოაშორეს ეს ძეგლი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როდესაც დავით ნარმანიას წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, მაშინაც განიხილებოდა ეს საკითხი, ახლა უფრო აქტუალური გახდა და მის შემქმნელთან, ხელოვან მერაბ ბერძენიშვილთან შედგა საუბარი, ძეგლის გადმოტანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ- მინისტრმა ღარიბაშვილმა თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიას აღმაშენებლის ძეგლის ცენტრში დაბრუნების განხილვისკენ მოუწოდა. „დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს. სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ჩვენი უდიდესი და წმინდა მეფის ძეგლს შეეხო და, მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, სხვაგან გადაიტანა. ვფიქრობ, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.