გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ორთაჭალჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევაა საჭირო.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 30 ივნისის 00.00 საათიდან ორთაჭალჰესის ფარების გახსნა იგეგმება.
„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ორთაჭალჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება 1 ივლისს, 00.00 საათზე“,-აღნიშნულია განცხადებაში.