ლეონარდო დევდარიანი: წულუკიანის უწყებაში პაპუნა უგრეხელიძე კორუფციულ გარიგებებს ეწევა

თბილისის სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ლეონარდო დევდარიანი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს. ამის შესახებ დევდარიანმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ერთი წელია, ვიბრძვით და ეს კორუფციული სქემა დღესაც ჩვენთვის კედელია“, – აცხადებს დევდარიანის ადვოკატი მაიზერ ბაბლუანი და ლეონარდო დევდარიანსა და პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებულ საქმის დეტალებს ჰყვება:

„2014 წლის 28 ივლისს ლეონარდო დევდარიანმა თავისი ორგანიზაციის დირექტორი გაათავისუფლა თანამდებობიდან. ეს დირექტორი სასამართლოს მიერ ბრალდებულია ქურდობისათვის. დაახლოებით 3-4 საათში საჯარო რეესტრში ეს რეგისტრაცია შეჩერდა. როდესაც მიზეზების გამოკვლევა დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ რეგისტრაციის შეჩერება პირადად პაპუნა უგრეხელიძის დავალებით განხორციელდა. თუ არა ვინმეს მხრიდან თხოვნა და დაინტერესება ბატონი პაპუნა უგრეხელიძისა, რატომ აარჩევდა მაინცდამაინც ამ ერთ განცხადებას. ერთი წელია ვიბრძვით, ეს კორუფციული სქემა დღესაც ჩვენთვის კედელია. ვერაფრით მივაღწიეთ, რომ ეს რეგისტრაცია დასრულდეს.

გარდა იმისა, რომ ვცდილობდით, ქალბატონი თეა წულუკიანისთვის მიგვეწვდინა ხმა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სასამართლოში. მოხდა ისე, რომ პაპუნა უგრეხელიძემ ეს მასალა გადააგზავნა პროკურატურაში. მასალები დაიკარგა, 8 თვე ვეძებდით, ბოლოს ზუგდიდის სამხარეო პროკურატურაში აღმოვაჩინეთ. რა უნდოდა თბილისში საჯარო რეესტრში შეტანილ განცხადებას ზუგდიდის სამხარეო პროკურატურაში?!

უშუალოდ პაპუნა უგრეხელიძემ შეკვეთა მიიღო ბატონი ლეონარდოს პარტნიორებისგან, რომ როგორმე ჩირქი მოეცხოთ დევდარიანის ავტორიტეტისთვის. მას დააბრალეს ყალბი დოკუმენტის გაკეთება. ამ ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძიება. საქმე მალევე შეწყდა, რადგან არავითარ დანაშაულებრივ ქმედებასთან არ ჰქონია საქმე ლეონარდო დევდარიანს.

ასევე იძულებული გავხდით, გენერალურ ინსპექციაში შეგვეტანა საჩივარი პაპუნა უგრეხელიძის მოქმედებაზე. სამთვიანი მოკვლევის შედეგად გენერალურმა ინსპექციამ დადო დასკვნა, სადაც დადასტურდა სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის, იურისტისა და რეგისტრატორის გადაცდომა და საქმის განზრახ გაჭიანურება, რომ არ მომხდარიყო რეგისტრაცია. იმავე დასკვნაში მითითებულია, რომ ეს ყველაფერი მოხდა პაპუნა უგრეხელიძის უშუალო მითითებით. თუ არა კორუფციული გარიგება, რატომ აფერხებენ რეგისტრაციას?! რატომ არღვევენ კანონს?!

სანამ პაპუნა უგრეხელიძე იქნება ამ თანამდებობაზე, ძალიან ბევრი ადამიანის კანონიერი მოთხოვნა ვერ შესრულდება და საჯარო რეესტრი ხალხის ინტერესს ვერ მოემსახურება. პაპუნა უგრეხელიძე თანმდებობას ბოროტად იყენებს და არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლს“, – განაცხადა მაიზერ ბაბლუანმა.

თბილისის სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ლეონარდო დევდარიანი იმედოვნებს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიის საშულებით მოისმენს ინფორმაციას, თუ რა ხდება საჯარო რეესტრში.

„საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ, პირადად პაპუნა უგრეხელიძემ გადაგვიკეტა ყველანაირი გზა მინიტრის კანცელარიაში. არცერთი ჩვენი წერილი მინისტრთან არ მოხვედრილა და ქალბატონი თეა წულუკიანი საქმის კურსშიც კი არ არის. ამიტომ მედიის საშუალებით გვინდა მივაწვდინოთ მას ხმა და მივაწოდოთ ინფორმაცია. ასე მაინც გაიგებს ქალბატონი წულუკიანი, რა ხდება საჯარო რეესტრში“, – განაცხადა ლეონარდო დევდარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები