ლევან ბეჟაშვილი: ლგბტ ადამიანებისთვის საქართველოში გარემო უსაფრთხო არაა

“თანამედროვე მსოფლიოს აღიარებული პოზიციაა, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს, რა ტიპის სექსუალური ცხოვრება ექნება“, – ასე უპასუხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა კითხვას ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, ჰომოსექსუალობა ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული და არჩევანის საგანია. კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა ორი ქალის ან ორი კაცის ერთობა ოჯახად, ბეჟაშვილი პასუხობს, რომ თავად ასეთ ოჯახებს არ იცნობს. აქვე, ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ არსებული სამართლებრივი ჩარჩოები, კონსტიტუცია და კანონმდებლობა თავისთავად მოიაზრებს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.
“ამ შემთხვევაში, ჩემთვისაც, პირადი მაგალითებიდან, ჩემს გარშემო არსებული მაგალითებიდან, ოჯახად აღიქმება ქალის და მამაკაცის ურთიერთობა“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.
ლევან ბეჟაშვილი თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის არსებობის მიუხედავად, ლგბტ ადამიანებისთვის გარემო უსაფრთხო არაა. მისი თქმით, ეს ბევრი კომპლექსური ფაქტორის ბრალია. “ეს ყველაფერი ჯერ განათლების დაბალი დონის, შემდეგ ტრადიციებს და სხვა ფაქტორების ბრალია. ჯერ-ჯერობით, ამ ეტაპზე, ვერ ვიტყოდი, რომ მათი უფლებები დაცულია. თუმცა, შეზღუდვაც ხდება იმის და მიხედვით რომელ საზოგადოებრივ ჯგუფს რა ინტერესი აქვს ამ საკითხთან მიმართებაში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილი პრემიერის გასული წლის ინიციატივასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ოჯახი ქალისა და კაცის ერთობად უნდა განსაზღვრულიყო. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა ხელოვნური იყო და ამას ისიც ადასტურებს, რომ პოლიტიკური ნაბიჯები არ მოჰყოლია.
“რაღაც პოლიტიკურ მიზანს ისახავდა, რეალურად, ჩემთვისაც, უკვე არსებული კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, ჩარჩო და კანონმდებლობა ნათლად განსაზღვრავს, რომ ოჯახის ცნებაში ისედაც ქალის და მამაკაცის ურთიერთობაა მოაზრებული. მომავალში რა იქნება, როგორ იქნება, რა სტანდარტები შემოვა ჩვენთან, ჩვენს ყოფით ცხოვრებაში, ჩვენს კანონმდებლობაში და ა.შ. სხვა საქმეა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წლის 17 მაისს ავადმყოფობათა კლასიფიკაციიდან ამოიღო. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ კი ჰომოსექსუალობა კვლევების საფუძველზე მენტალური დაავადებების სიიდან 1973 წელს ამოიღო.

წყარო: ctv.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები