კვლავ უცნობია, თუ როდის დაიწყება სუპერთასის ბილეთების გაყიდვა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ეკა ელოშვილის განცხადებით, უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განისაზღვრა 24.000 ბილეთი, ხოლო უცხოელებისთვის 6.000, რომელიც ცალ-ცალკე გაიყიდება. შესაბამისად, აღნიშნული 30.000 ბილეთი ერთად აღარ გაიყიდება.
როგორც ელოშვილმა განმარტა, სავარაუდოდ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთებს ისევ biletebi.ge გაყიდის, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული ბილეთების გაყიდვაზე გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს.
“უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის და უცხოელი გულშემატკივრისთვის ბილეთები ერთიანად აღარ გაიყიდება. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 24.000 ბილეთი ცალკე გაიყიდება, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული 6.000 – ცალკე. ხვალ დილით ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში უნდა გადააგზავნოს კომუნიკაციის სტრატეგია, სადაც ფედერაცია და biletebi.ge- დეტალურად გაწერს კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებს. ასევე biletebi.ge-ს ევალება ნათელი მოფინოს იმ სიტყვებს, რომელიც ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით უეფას ისევ აქვს”, – განაცხადა ელოშვილმა.
ამასთან, სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული ელოშვილის თქმით, ამ კომუნიკაციის სტრატეგიის გაგზავნის შემდეგ და უეფას მიერ დასმული კითხვების პასუხის გაცემის შემდეგ დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დაიწყება ეს პროცესი.