გიორგი კვირიკაშვილი მეზღვაურებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების გიორგი კვირიკაშვილი მეზღვაურებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
კვირიკაშვილის თქმით, ჩვენს მეზღვაურებს აქვთ საკმაოდ მაღალი ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ თავისუფლად დასაქმდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე და მათი კვალიფიკაცია სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიოს წამყვანი საზღვაო კომპანიების მოთხოვნებს.
„საქართველოს საზღვაო სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს ვულოცავ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. მიმაჩნია, რომ მეზღვაურის პროფესია არის, მართლაც, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით აღსავსე, მძიმე და, ამავდროულად, საამაყო პროფესია, რადგან არაერთი მაგალითი არსებობს მეზღვაურების განსაკუთრებული გმირობისა სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. საქართველოს მთავრობა და მისი შესაბამისი სტრუქტურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ იმას, რომ ჩვენი მეზღვაურების საქმიანობა გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო, ამაღლდეს მეზღვაურის პროფესიული იმიჯი და საქართველოს საზღვაო სექტორი განვითარდეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ამ სფეროში განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, რისი ერთ-ერთი დადასტურებაც არის ევროკავშირის მიერ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარება. ჩვენს მეზღვაურებს აქვთ საკმაოდ მაღალი ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ თავისუფლად დასაქმდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე და მათი კვალიფიკაცია სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიოს წამყვანი საზღვაო კომპანიების მოთხოვნებს. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის საზღვაო აკადემია და დიდი იმედი მაქვს, რომ მეზღვაურის პროფესია უფრო საპატიო და მოთხოვნადი გახდება საქართველოს ახალგაზრდობისთვის. მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს მეზღვაურებს დღევანდელი დღე, ვუსურვო მშვიდობა, პროფესიული წინსვლა და კეთილდღეობა“, – აცხადებს კვირიკაშვილი.