მაიკლ გრანტი: ინტერპოლით ძებნილი მოქალაქის დაკავებაში ქართულმა მხარემ დიდი როლი შეასრულა

ინტერპოლით ძებნილი მოქალაქის დაკავებაში ქართულმა მხარემ დიდი როლი ითამაშა, – ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველმა საქართველოში მაიკლ გრანტმა განაცხადა. მან ქართული მხარის მიერ გაწეულ თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა.
“საქართველოს ინიციატივა და თანამშრომლობა სამაგალითოა ამ შემთხვევაში. დაწყებული შსს-ს საპატრულო პოლიციის ოფიცრებით, რომელთაც გამოააშკარავეს ბატონი საზეგარი საქართველოში შემოსვლისას, საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელთაც კოორდინაცია გაწიეს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროსთან და საბოლოოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ვინც დაეხმარა პროცესს და საბოლოოდ დაამტკიცა ბატონი საზეგარის ექსტრადიცია. ყველა ამ უწყებებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, რათა სავარაუდო ბრალდებული წარდგენილიყო სასამართლოს წინაშე, ისეთი სერიოზული დანაშაულის ჩადენისთვის, როგორიცაა ოჯახური ძალადობა. “ორენჯ ქანთრის” უბნის პროკურატურის ოფისისა და ჩემი სახელით, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ საჯარო მოსამსახურეს მათი მუშაობის, თავდადებისა და ხელმძღვანელობისათვის ამ მნიშვნელოვან საქმეში. მათი ძალისხმევის გარეშე, სავარაუდო დამნაშავე ახლაც ძებნილი იქნებოდა. ნაცვლად ამისა, იგი ამჟამად პატიმრობაშია და ელოდება სასამართლოს“, – განაცხადა მაიკლ გრანტმა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2015 წლის 23 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ალირეზა ალ საზეგარი დააკავეს. ინტერპოლის ინფორმაციით, ალირეზა ალ საზეგარი ხასიათდებოდა სახიფათო და ძალადობისკენ მიდრეკილ პირად. ის ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის უმაღლესი სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე იძებნებოდა. ალირეზა ალ საზეგარს ბრალად ედება ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 273.5 (ა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ცემას, რომელმაც გამოიწვია სხეულის დაზიანება, გატაცებას, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას იძულებით და/ან მოტყუებით, მოწმისათვის დანაშაულის გამჟღავნების ხელის აღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები